რა ქონებას ფლობს ქვეყნის სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც პარლამენტმა გუშინ აირჩია

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია.

თოლორაიამ ინსპექტორის პოსტი 6 წლის ვადით დაიკავა. ის უფლებამოსილების განხორციელებას 3 ივლისიდან შეუდგება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტის აპარატი სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიზნით შექმნილი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმია, რომელიც 1-ელი ივლისიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე ამოქმედდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს თოლორაია, რომელიც მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის 28 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თოლორაია ფლობს 67 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 2 035.97 ლარი და 306,99 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 10 000 ლარი ჰქონდა.

როგორც დეკლარაციაშია მითითებული, 2018 წლის 1-ლი იანვარი-7 თებერვლის პერიოდში, თოლორაია მთავარი პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, რა პერიოდშიც მისმა შემოსავალმა 5 520 ლარი შეადგინა, უკვე თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრის პერიოდში კი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე მუშაობისას შემოსავლის სახით - 64 080,58 ლარი აქვს მიღებული. ლონდა თოლორაია გასულ წელს მუშაობდა ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორის პოზიციაზე, სადაც სხვადასხვა პერიოდით მუშაობისას 967,5 ლარი და 780 ლარი შემოსავალი მიიღო.

ლონდა თოლორაია მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ფლობს 65 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, რომელიც 2017 წელს 19 000 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია იმავე მისამართზე მდებარე 90 კვადრატული მეტრის კომერციული ფართი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 2 302,48 ლარი და 51,33 დოლარი ჰქონდა. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა გენერალურ პროკურატურაში გურჯაანის რაიონულ პროკურორად მუშაობისას 50 740 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია მითითებული მათ სახელზე რამდენიმე სესხია რეგისტრირებული.

თაია არდოტელი