როგორი იქნება დიღმის ჭალების პარკი, რომლის მოწყობაც  14.851 მლნ ლარი დაჯდება (+ფოტო)

თბილისში, დიღმის ჭალების პარკის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 14 851 039 ლარია.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტერიტორიაზე მათ შორის მოეწყობა: ხელოვნური ტბა, ამფითეატრი და მედიათეკა, საბავშვო ატრაქციონები, სპორტული სივრცე, 40 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი, გაიხსნება მდინარე მტკვრის სანაპირო და ეკო ხიდი მოეწყობა. რაც შეეხება დენდროლოგიას, პარკის ტერიტორიაზე ჯამში, 752 ახალი მცენარე დაემატება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის მითითებით, სამუშაოები დღე-ღამეში 24 სთ-ის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 480 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო, დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2020 წლის 30 ნოემბერია (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).