მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23), China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა. მსოფლიო ბანკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აკრძალვა 9 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ამავე ინფორმაციით, კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.
„საქმეებიდან ჩამოცილება არის შეთანხმების შედეგი (მსოფლიო ბანკსა და ამ კომპანიებს შორის). ეს გამოიწვია დარღვევებმა ავტომაგისტრალის მშენებლობის კონტრაქტისთვის შესყიდვების პროცესში. პროექტებში მონაწილეობის აკრძალვა ვრცელდება აგრეთვე „CRCC“-ის 730 ფილიალზე. ეს არ ეხება „China Railway 20th Bureau Group Co“- და მის ფილიალებს, რომლების მიმართაც მოქმედებს 2017 წელს გაფორმებუილი ცალკე შეთანხმება მსოფლიო ბანკთან ურთიერთობის მოგვარების შესახებ.
„საქართველოში პროექტის მიზნებში შედიოდა საქართველოს საავტომობილო დერეფანში და მის გასწვრივ მომხმარებელთა ხარჯების შემცირება და საქართველოს საგზაო დეპარტამენტის მიერ გზების ქსელის მართვის საშუალებების (უნარის) გაუმჯობესება. როგორც ირკვევა, კონტრაქტის მისაღებად მიმდინარე მოლაპარაკებების დროს დასახელებულმა სამმა კომპანიამ უზუსტო ინფორმაცია წარმოადგინა შესყიდვების, პერსონალის მოწყობილობების და მათი ჯგუფების გამოცდილების შესახებ. მსოფლიო ბანკის შესყიდვების წესების თანახმად ეს თაღლითურ პრაქტიკად მიიჩნევა და ადმინისტრაციულ სანქციებს ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეთანხმების თანახმად ცხრათვიანი პერიოდის შემდეგ ამ კომპანიებს დაუწესდებათ 24-თვიანი პირობითი ვადა, რომლის დროსაც მათ პროექტებში მონაწილეობა შეეძლებათ, მაგრამ წესების მკაცრი დაცვით და კონტროლით. სანქციების მოხსნისთვის ამ კომპანიებმა უნდა გააუმჯობესონ თავისი საქმიანობა, გააძლიერონ კონტროლის მექანიზმები და კეთილსინდისიერად დაიცვან მსოფლიო ბანკის წესები.
ცნობისათვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტი საქართველოს მთავრობის მიმდინარე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია. მონაკვეთი, რომლის მშენებლობაზეც 23-ე ბიურო მუშაობდა, მსოფლიო ბანკის მიერ 140-მილიონ დოლარად ფინანსდება.
კორპორაცია CRCC-ი 500 უმსხვილეს კომპანიას შორის მე-80 ადგილზეა მსოფლიოში კაპიტალის ბრუნვით, ხოლო კონტრაქტების რაოდენობით- მე-18 ადგილზე. კორპორაციის წლიური ბრუნვა 130 მილიარდ დოლარს აღემატება. CRCC-ი ბაზარზე 1949 წლიდან ოპერირებს.