ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კანონი გამკაცრდა და შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
„ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა არის ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა. ჩვენ იცით. რომ კანონპროექტს ინიცირება გავუკეთეთ ჩვენი ძალისხმევით, ჩვენი მუშაობით პარლამენტში და პარლამენტმა მესამე მოსმენით ეს კანონი და კონონში ცვლილებები მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს.
რაც შეეხება კანონში შესულ ცვლილებებს, ცხოველების წამების პირველივე შემთხვევაში, რომელსაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოჰყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა - ეს არის პატიმრობა. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ, თუ როგორ კლავდნენ ცხოველებს, ასახიჩრებდნენ, აუბედურებდნენ. ეს ძალიან მძიმე სანახავია და, რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება ამ კუთხით იყო მნიშვნელოვანი. ასევე, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული გადასახადი გაიზარდა 500 ლარამდე. არასრულწლოვნის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგელობლობა.
ამ ცვლილებებით, რა თქმა უნდა, კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ პრევენცია გაკეთდეს და ასეთ ქმედებებს სამომავლოდ ადგილი არ ჰქონდეს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.