„იმედია, რომ აღარ დაგვჭირდება გადავადება - არავისთვის არაა სასურველი პორტის მშენებლობის ვადების გადავადება"

ჩვენი საერთო იმედია, რომ აღარ დაგვჭირდება გადავადება იმიტომ, რომ ჯერჯერობით პორტის მშენებლობის ვადად ხელშეკრულებით დადგენილია 2020 წლის ბოლო, შესაბამისად, არავისთვის არაა სასურველი უკვე პორტის მშენებლობის ვადების გადავადება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ აღებული ფინანსური ვალდებულებების ვადის გაგრძელებაზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მინისტრი აცხადებს, ფინანსური დახურვის გადავადება პორტის მშენებლობის ვადების გადავადებაზე აისახება და იმედოვნებს, რომ გადავადება საჭიროს აღარ გახდება.

მისივე თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ კვლავ აქვს მოსაძიებელი 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალი. ამასთან, აღნიშნა, რომ 21 მაისის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ პროცესი იურისტების ჩართულობით მიმდინარეობს, რომ მოხდეს შეთანხმებების ფორმულირებების განსაზღვრა.

„მინდა აღვნიშნო, რომ კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალი, ანუ საკუთარი დაფინანსება, რომელიც კონსორციუმს უკვე დიდი ხნის განმავლობაში უნდა ჰქონოდა მობილიზებული, ესაა ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არაა ჩართული. ბუნებრივია, იმედი გვაქვს, რომ კონსორციუმი ამ მიმართულებით თავისი ვალდებულების შესრულებასაც შეძლებს. ჩვენი მხრიდან, როგორც იცით, ინვესტორი ბანკების მიერ წარმოდგენილ პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას დავთანხმდით. ამ შეხვედრის შემდეგ პროცესი მიმდინარეობს და იურისტების ჩართულობით ხდება ფორმულირებებზე შეჯერება და დოკუმენტების გაცვლა. იმედია, უახლოეს მომავალში საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრაც გამართება, რომ შევჯერდეთ ფორმულირებებზე,“-განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა როგორც თავიდანვე ითქვა, მთავრობა არ დააზღვევს კომერციულ რისკებს და ამ მიმართულებით ალტერნატიული ინსტრუმენტები განიხილება, რაზეც ინვესტორი ბანკები და კონსორციუმი მუშაობენ, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე.

„მთავრობამ თავიდანვე განაცხადა თავისი პოზიცია, რომ ყველაზე რთული იქნება კომერციული რისკების მთავრობის მიერ დაზღვევა, ამაზე სამმხრივ შეხვედრაზეც იყო საუბარი და ჩვენ ვთხოვეთ საფინანსო ინსტიტუტებს, რომ სხვა შესაძლო ინსტრუმენტები გამოეყენებინათ, მათ შორის ამ მხრივ განიხილება ევროკავშირის შესაძლო დახმარება. ეს ბუნებრივი განაწილებაა, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის, კერძო სექტორი იღებს თავის რისკებს, სახელმწიფო ეხმარება ყველა დანარჩენში. ჩვენ გავიზიარეთ ინვესტორი ბანკების სურვილი, რომ გაგვეზარდა მონაწილეობა პოლიტიკურ რისკებში, ფორსმაჟორში, ანუ იქ, სადაც კომერციულ რისკებს არ ეხება უშუალოდ საქმე, მთავრობა დაიცავს ინვესტორს შესაძლო ზიანისგან, მაგრამ კომერციული რისკების ანაზღაურება ბუნებრივია, ინვესტორის მხარესაა,“-აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მთავრობა ფინანსური დახურვის ვადას მეექვსედ, ამჯერად 6 თვის ვადით გადაუვადებს.