ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, თუ როდის დასრულდება მარშალ-გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული კითხვით მან მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა და სთხოვა, საზოგადოებისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა. ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. ვინაიდან ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა აღნიშნული ესტაკადით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.