ეს შეზღუდვა არ აისახება იმ სამუშაოებზე, რომელსაც ეს კომპანია აწარმოებს საქართველოში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოში მომხდარი დარღვევების გამო ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთვის ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მინისტრი აცხადებს, დარღვევები, რომლის გამოც „მსოფლიო ბანკმა“ კომპანიას ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა, ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვლინდა სახელმწიფო გზების დეპარტამენტის მიერ და ეცნობა დონორს.
„ესაა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ეხებოდა ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთს, რომელიც 2017 წელს ჩატარდა. სახელმწიფო გზების დეპარტამენტის მიერ იქნა დადგენილი ეს შესაძლო გადაცდომა, დონორის პროცედურა სატენდერო დოკუმენტაციის შეფასებას ითვალისწინებს, რომლის დროსაც შესაბამისი კომუნიკაცია იყო გზების დეპარტამენტსა და „მსოფლიო ბანკს“ შორის. შესაბამისად, მსოფლიო ბანკმა თავისი პროცედურების შესაბამისად განიხილა ეს ინფორმაცია, რის საფუძველზეც, 9 თვის განმავლობაში შეუზღუდა ამ კომპანიას არა სამუშაოების შესრულება, არამედ ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, ეს კომპანია 9 თვის განმავლობაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას იმ ახალ ტენდერებში, რომელსაც მსოფლიო ბანკი გამოაცხადებს. ამასთან, ეს კომპანია და მისი შვილობილი კომპანიები კვლავ განაგრძობენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - აცხადებს მინისტრი.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორ კომპანიას - ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციას (CRCC) და მის შვილობილ კომპანიებს, მათ შორის, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23), China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International) ტენდერებში მონაწილეობა აუკრძალა. მსოფლიო ბანკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აკრძალვა 9 თვის განმავლობაში იმოქმედებს.
ამავე ინფორმაციით, კომპანიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ტენდერში მცდარი ინფორმაცია წარადგინა, რითიც მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები დაარღვია. მსოფლიო ბანკის განმარტებით, კომპანიის მიერ ჩადენილი ქმედება თაღლითობად იქნა კვალიფიცირებული.