„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივებაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტისთვის ფინანსების მოსაზიდად ვადის გახანგრძლივების შესახებ, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბანკებთან მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის, რათა მოხდეს მთავრობასა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის 8 პუნქტიანი საკითხების სიაზე საბოლოო შეთანხმება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას სრულად აქვს მობილიზებული პროექტისთვის საჭირო კაპიტალი და ამის ოფიციალური გაცხადება მოხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მიაღწევენ შეთანხმებას. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მოცემულ ვადებში, მაქსიმალურად ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, კონსორციუმმა უკვე დაასრულა ყველა საერთაშორისო ტენდერი, გამოავლინა გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები და მზად არის ანაკლიის პორტის მშენებლობის ახალ, კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში გადასასვლელად. რაც შეეხება სამშენებლო ვადებს, თუ შემდეგი ერთი თვის მანძილზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოხდა შეთანხმება მერვე პუნქტთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ანაკლიის პორტი დადგენილ ვადებში - 2020 წლის ბოლოს - 2021 წლის დასაწყისში შეძლებს პირველი გემის მიღებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, მთავრობა კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას, რომელიც 15 ივნისს იწურება, 6 თვით გაუხანგრძლივებს.