„ტაქსის მძღოლებისთვის იაფი სესხის აღება შეიძლება, კონცეფციის დონეზე კარგი იყოს, მაგრამ რადგან ფინანსებთან გვაქვს საქმე, ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ იაფი სესხი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები.
„მივესალმებით ამ განცხადებას. ავტოპარკის ჩანაცვლების მიმართულებით უძრაობაა და ავტოპარკის გაახალგაზრდავებას გარკვეული სტიმულები სჭირდება. ვფიქრობ, აღნიშნული წამახალისებელი მექანიზმების ამოქმედება დაეხმარება ტაქსის მძღოლებს თავიანთი ტრანსპორტის განახლებაში. ტაქსების რეფორმის ფარგლებში რეგულაციების დაწესებამ და დამატებითმა ხარჯებმა მათ გარკვეული სირთულე შეუქმნა მოწესრიგების მიმართულებით, შესაბამისად, ამ ალტერნატივის შეთავაზებამ შესაძლოა, ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეთ მძღოლებს. ვფიქრობ, იაფი სესხით არამხოლოდ ავტომობილების ჩანაცვლება, მათი მოწესრიგების საშუალებაც უნდა მიეცეთ. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში ფინანსური განათლების მხრივ ცნობიერება ასამაღლებელია და თუნდაც იაფი კრდიტის აღების შესაძლებლობისას მძღოლმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს, თუ რა ვალდებულებებს იღებს, რათა განხსვავებული მოლოდინი არ ჰქონდეს და შედეგად არ მივიღოთ უკმაყოფილება და ტაქსის მძღოლების პროტესტი, რაც გადაღებვის შემთხვევაში გვქონდა. აქედან გამომდინარე, ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებული იაფი კრედიტის პირობები მეტად დაზუსტებული და მათთვის ნათელი უნდა იყოს", - განაცხადა ლალიაშვილმა.
მანვე ისაუბრა ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ და აღნიშნა, რომ ტაქსის ვიზუალური იერსახე, მისი ფერი არ არის პირველი კატეგორიის პრიორიტეტი.
"როგორც ვიცით, ამ საკითხზე მძღოლებსა და მერიას შორის გარკვეული შეთანხმება შედგა. ვფიქრობ, ავტომობილის ჩანაცვლებისას აქცენტი მოწესრიგებულ, დაბალძრავიან და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა, აიღონ იაფი სესხი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები.