13-14 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, პირველ საერთაშორისო ფორუმს „ადგილობრივი თვითმმართველობები ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების პოტენციალისა და როლის განსაზღვრა, აგრობიზნესისა და სოფლის განვითარებაში, აგრობიზნესის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის ქსელების განვითარებაში საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ქვეყნების გამოცდილებისა და წარმატებების შესახებ გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, გაეცნონ ბოლნისის მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებს, ეწვიონ მთავარ ტურისტულ ატრაქციებს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ფორუმის მეორე დღეს გაიმართება ვაზის დარგვის ცერემონიალი, ღვინის დეგუსტაცია, ადგილობრივი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი საოჯახო მარნებისა და მეწარმეების დაჯილდოება.
"ფორუმი დაფუძნდა მიმდინარე წელს და გულისხმობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნეს სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და ექსპერტებს შორის. აღნიშნული, მიმართული იქნება ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თანამშრომლობის როლის გამოსაკვეთად სოფლის მეურნეობისა და სოფლად საზოგადოების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მსგავსი ტიპის ყოველწლიური ფორუმი ხელს შეუწყობს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას.
მიმდინარე წელს ფორუმი მიეძღვნება ადგილობრივ-ეკონომიკურ განვითარებას დაფუძნებულს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებაზე. ფორუმზე განვიხილავთ ადგილობრივი ხელისუფლების როლს, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი ფასილიტატორს. აგრეთვე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება დაფუძნებული თანამშრომლობაზე, სწორ მარკეტინგზე, გენდერულ თანასწორობაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ახალ შესაძლებლობებზე", - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ღონისძიებას დაესწრება 100-მდე წარმომადგენელი რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პარტნიორებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ადგილობრივი თვითმმართველობის/პარტნიორობის წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და"მერების ეკონომიკური ზრდისთვის" სამდივნო.
ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი ორგანიზებულია ერთობლივად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, გაეროს განვითარების პროგრამისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ.