ინდოეთი მთვარეზე მეორე მისიას ივლისში გაგზავნის

ინდოეთმა გამოაცხადა, რომ ივლისში მთვარეზე თავის მეორე მისიას გაგზავნის. მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება მეოთხე ქვეყანა, რომელიც მთვარის ზედაპირზე, რბილ დაჯდომას შეასრულებს და იქ როვერს მიავლენს.

აქამდე მთვარეზე დაჯდომა შეერთებულ შტატებს, რუსეთს და ჩინეთს აქვთ შესრულებული. მათგან ჩინეთმა თავისი როვერი მთვარეზე იანვარში დასვა. მთვარის ინდური მისიის სახელია „ჩანდრაიაან-2“ და ის მთვარის ორბიტული სადგურის გარდა, დასაჯდომ მოდულს და მასში მოთავსებულ როვერს მოიცავს. ყველა მათგანი ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO) მიერ არის შექმნილი.

„ჩანდრაიაან-2“ სტარტს 15 ივლისს აიღებს. მისიის ღირებულება 10 მილიარდ რუპიას (144 მილიონ დოლარს) შეადგენს. სტარტიდან 50 დღეში, დასაჯდომი მოდული მთვარის ზედაპირზე „რბილ“ დაშვებას განახორციელებს.

ISRO-ს თავმჯდომარე სივანის თქმით, ყველაზე რთული მომენტი, დაჯდომამდე 15-წუთიანი მონაკვეთი იქნება. მოდულს საქმეს მთვარის ცვალებადი გრავიტაცია, რთული ზედაპირი და მტვერი გაურთულებს.

ეს წელს ინდური მისიის მთვარეზე დაჯდომის მესამე მცდელობა იქნება. ჩინეთის მიერ თანამგზავრზე ჩინური მისიის დაჯდომის შემდეგ, იგივე ვერ მოახერხა ისრაელის მისია „ბერეშიტმა“, რომელიც აპრილში მთვარეზე უკონტროლოდ ჩამოვარდა.

ინდოეთმა მთვარეზე პირველი მისია - „ჩანდრაიაან-1“ 2008 წელს გაუშვა. მისი მეშვეობით, მთვარეზე წყლის არსებობის ფაქტი დადასტურდა. პირველი მისიის ღირებულება 79 მილიონ დოლარს შეადგენდა. პირვანდელი გეგმით, მისია „ჩანდრაიაან-2-ის“ შესრულებაში, ინდურ მხარეს რუსული „როსკოსმოსი“ უნდა დახმარებოდა. მაგრამ რუსულ პროგრამასთან ტექნიკური შეუთავსებლობის გამო, თანამშრომლობა არ შედგა.

2014 წელს ინდოეთს მარსზე მისია აქვს გაგზავნილი. ინდოეთის კოსმოსური ამბიციების უკან, პრემიერ-მინისტრი მოდი დგას, ვინც ახლახანს ეს პოსტი მეორე ვადით დაიკავა.