მალტაში, ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ყოფილი ვილა აუქციოზე გასაყიდად გამოიტანეს. BBC-ის ინფორმაციით, მისი საწყისი ღირებულება 6 მლნ ევროა. სახლი ქალაქ ვალეტას გარეუბანში მდებარობს.
ელისაბედ II ვილაში 1949-1951 წლებში ცხოვრობდა და მას საკუთარი სახლსაც კი უწოდებდა.
როგორც გამოცემა წერს, 1900 წელს აშენებული აგარაკის საერთო ფართობი 1560 კვ.მ-ია. აქვს საკუთარი აუზი, ასევე სტუმრებისა და მოხელეებისთვის განკუთვნილი ადგილები. BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე შენობას კაპიტალური რემონტი ესაჭიროება.
აღსანიშნავია, რომ დედოფალს ამ სახლთან კარგი მოგონება აკავშირებს. ამის შესახებ ელისაბედ II-მ 2015 წელს მალტაში ვიზიტისას განაცხადა.
„მე ყოველთვის სიამოვნებით ვიხსენებ მალტას. მახსოვს ის ბედნიერი დღეები, რომელიც ამ სახლში მე და ფილიპმა, ჩვენი ქორწილის შემდეგ გავატარეთ“,-აღნიშნა ელისაბედ II-მ.
როგორც BBC წერს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგარაკის რეაბილიტაციის მომხრეა, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფომ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, ნაწილი კი კერძო ინვესტორზე გასხვისების მომხრეა.