ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პროექტი ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იყო ნახსენები.
მინისტრის თქმით, ბუნებრივია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტთან დაკავშირებით საკითხს სვამს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი.
„ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია. ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
აღნიშნულ კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.