ანაკლიაში ალკოჰოლური სასმელის ბუმია

ღვინოს და არაყს ყველა იმარაგებს, პროდუქცია უკვე გაძვირდა და ფესტივალის დღეებში კიდევ უფრო გაძვირდება

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ანაკლიაში, ”კაზანტიპის” ფესტივალის გამო, მოსახლეობამ ალკოჰოლური სასმელის მომარაგება დაიწყო. ადგილობრივების თქმით, არაყი და ღვინო სამეგრელოში დაახლოებით 10-15%-ით უკვე გაძვირდა და სარეალიზაციო ფასი ფესტივალის პერიოდში 20-30%-მდეც მოიმატებს.

ამ ეტაპზე 1 ლ ხილის არყის ფასი 7-8 ლარია, ჭაჭა - 10-12 ლარი ღირს, ხოლო 1 ლ ოჯახში დამზადებული ღვინის ღირებულება 5-6 ლარს აჭარბებს. ხალხს იმედი აქვს, რომ ფესტივალის დროს არყისა და ღვინის გაყიდვას სარფიანად შეძლებენ, რისთვისაც კურორტისპირა სოფლებში თადარიგს ადრევე შეუდგნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ რამდენიმე დღის წინ ანაკლიასა და განმუხურში ალკოჰოლური სასმელის დისტრიბუტორებიც გამოჩნდნენ. ქარხნულ ნაწარმთან ერთად, უკვე დამარაგებულია ოჯახური ღვინის რამდენიმე პარტია, რომელსაც მოსახლეობა ბითუმად ყიდულობს.

ანაკლიის მცხოვრები გიული ხვიჩია ფიქრობს, რომ უმაღლესი ხარისხის ჭაჭა ადგილზე, შესაძლოა, 20 ლარამდეც გაძვირდეს. ფასმა სასმელზე საგრძნობლად მოიმატა და ამ ეტაპზე 1 ლ არაყი კურორტზე 10 ლარზე იაფად არ იშოვება. 2-3 ლარით ნაკლები ღირს ხილის არაყი, რომელსაც ოჯახებში ამზადებენ. ღვინო, ძირითადად, კახეთიდან შემოდის, ადგილზევე ყიდულობენ გადამყიდველები, რომ ფესტივალის პერიოდში დიდი მოგებით გაყიდონ.

”ფული ყველაფრისგან გაკეთდება. ხალხი დიდ სარგებელს ელოდება და ასეთ შანსს ხელიდან არავინ გაუშვებს. ერთ-ერთი მომგებიანი საქმე, რაზეც დიდ იმედს ვამყარებთ, ალკოჰოლური სასმელების რელიზაციაა. ვინც კი არ დაიზარა, არაყი ოჯახში გამოხადეს, ღვინო შემომტანებისგან შეიძინეს სადღაც 4-5 ლარად და ფესტივალის პერიოდში ეს ფასი, სავარაუდოდ, გაორმაგდება. 1 ლიტრი არაყი 10 ლარი უკვე ღირს, აქაც სერიოზულ გაძვირებას ველოდებით. ხარისხიანი სასმელის დეფიციტია და ვინც ასეთი პროდუქტის გამოტანას შეძლებს, კარგ შემოსავალს მიიღებს. ყველა ცდილობს ისარგებლოს და ამისთვის თავს არ ზოგავს. გაჭირვებულ ოჯახებშიც კი დაფაცურდნენ, ყველა სამზადისშია”,-ამბობს ანაკლიელი გლეხი.

განმუხურელი გივი გოგოხია არაყს საკუთარ ოჯახში ყოველწლიურად ხდის, თუმცა საოჯახო ნაწარმი აქამდე არ გაუყიდია. ის ფიქრობს, რომ გაწეული შრომა დაუფასდება და მოგებას მარტო სასმელის რეალიზაციითაც მიიღებს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი საქმიანობა, რაშიც კურორტის მცხოვრები სარგებელს ელოდება.

”არაყს ისედაც ყოველ სეზონზე ვხდი, მაგრამ ყოველთვის მიზერული რაოდენობით, ასეთი ინტერესი არასდროს გამჩენია. თავი არ დავზოგე და 100 ლიტრამდე ხილის არაყი გამოვხადე, ჭაჭა - 30 ლიტრამდე. ფესტივალის დაწყებამდე გაყივდისგან თავს ვიკავებ. მყავდა კიდეც რამდენიმე მუშტარი, მაგრამ უარით გავისტუმრე. დღეს სასმელი დეფიციტი არ არის, პირიქით, თითქმის ყოველ მეხუთე ოჯახში იყიდება. უფრო დამსვენებლები ყიდულობენ, იშვიათად - ადგილობრივებიც. დისტრიბუტორებიც გამოჩნდნენ და ვინც ადგილზე ვერ შეძლო არყის გამოხდა, შემომტანებისგან ყიდულობს. ღვინო სულ შემოტანილია, უფრო ოჯახური ნაწარმი.

დიდ-პატარა სამზადისშია, იგივე იგრძნობა ახლომახლო სოფლებშიც. აქა-იქ კონფლიქტის ტერიტორიიდანაც გამოჩნდენ. დევნილები სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის ყიდვას ცდილობენ. მათ პროდუქტს ადგილობრივები ვყიდულობთ, ხდება ყველაფრის მომარაგება, რისი გაყიდვაც კი შესაძლებელია”, - ამბობს გივი გოგოხია.

”კაზანტიპის” ფესტივალთან დაკავშირებით, რას ელოდებიან მოსაზღვრე კონფლიქტის ტერიტორიის სოფლებში, რა მოლოდინი აქვთ ადგილობრივებს და საერთო სამზადისში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ამასთან დაკავშირებით ”ბიზნეს-რეზონანსი” გალის ქვედა ზონის მცხოვრებლებს დაუკაშვირდა. როგორც ოტობაიაში ამბობენ, ყიდვა-გაყიდვის პროცესებში მონაწილეობა უჭირთ, თუმცა სარეალიზაციოდ ჭირნახულის გამოტანას მაინც შეეცდებიან. ამ მხრივ ყველაზე მომგებიანად ადგილობრივები ალკოჰოლის ბიზნესს მიიჩნევენ. ეს გალის რაიონში დღესაც ერთ-ერთ მომგებიან საქმიანობად ითვლება.

ოტობაიაში მცხოვრები შოთა სიგუა ამბობს, რომ მცირე ვენახიდან ოჯახს ყოველწლიური შემოსავალი აქვს. მისი თქმით, სეზონზე 2 ტონამდე ღვინოსა და 200 ლიტრი არყის გამოხდას ახერხებს. სასმელს, ძირითადად, ადგილობრივებზე ჰყიდის. სიგუა წლევანდელი მოსავლის გაყიდვას ანაკლიაში გეგმავს.

”ყველაზე დიდ იმედს ჭაჭის რეალიზაციაზე ვამყარებ. უკვე მოვურიგდი ანაკლიელებს და 1 ლიტრ არაყს 12 ლარად ჩავაბარებ, ადგილზე 10 ლარად ვყიდი. ჩვენთან ოჯახში დამზადებული სასმელის დეფიციტია, რის გამოც ის კარგად ფასობს. 10 ლარზე იაფად არაყი აქ არსად იშოვება.

ფესტივალის პერიოდში ანაკლიაში ჩასვლას ვერ მოვახერხებ, ადგილობრივებისთვის ეს ადვილი არ იქნება, წინასწარ გაყიდვაც ამიტომ გადავწყვიტე. სავარაუდოდ, ღვინოსაც გავყიდი, თუმცა აქედან დიდ სარგებელს არ ველოდები. 1 ლიტრ ღვინოს ადგილზე 5 ლარად ვყიდი, კურორტებზე მას უფრო იაფად არ შეისყიდიან. სასმელის გარდა, ოჯახში რიგიანად გამართული მეურნეობაც მაქვს. ენგურსგაღმა, სავარაუდოდ, ბოსტნეულსაც გადავიტან, თხილი და სიმინდი კი იქაც ბლომად არის. ნორმალური ცხოვრება რომ გვქონდეს და შიშში არ გვიწევდეს ყოფნა, ჭირნახულის რეალიზაციის მეტი შესაძლებლობა გვექნებოდა. დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ხალხი ტვირთის გადატანას ერიდება. საზღვართან ახლოს ვცხოვრობ და უფრო ამის გამო ვრისკავ”,- ამბობს გალელი გლეხი.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”