ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა ამ ეტაპზე დაკონსერვებულია.
„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ ეუბნებიან, როდის გადავა აღნიშნულ შენობაში შსს-ს ქვეყდანაყოფები და როდიდან შეიძენს ის ახალ ფუნქციას.
როგორც დაანონსებულია, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი უნდა განთავსდეს, თუმცა რა ფაზაშია პროცესი, შსს-ში არ საუბრობენ. „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში ამ ეტაპზეც მხოლოდ ის განუცხადეს, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი მოეწყობა და ამ გზით მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება მოხდება.
„ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი მოეწყობა. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა საპოლიციო სერვისებით ისარგებლონ, ასევე ეს იქნება ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა. საპოლიციო ჰაბში, როგორც თბილისში, განთავსდება ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება მოხდება“, - აცხადებენ შსს-ში.
ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შსს-ს მას შემდეგ გადაეცა, რაც საკანონმდებლო ორგანომ 2019 წლის იანვრიდან სამუშაოდ თბილისში გადმოინაცვლა.