თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც 13 ივნისის სტიქიით დაღუპულთა მემორიალთან მივიდა, ჟურნალისტებთან საუბრისას ვერეს ხეობაში მიმდინარე და უკვე დასრულებულ მშენებლობებს გამოეხმაურა. კითხვაზე, უსაფრთხოა თუ არა 5-სართულიანი შენობა, რომელიც სვანეთის ქუჩაზე აშენდა, კალაძემ უპასუხა, რომ პრობლემურია, რადგან გვირაბის თავზეა აშენებული.
„სამწუხაროდ, ეს არის 2013 წელს გაცემული ნებართვა. როდესაც ჩვენ მოვედით მთავრობაში, უკვე აშენებული იყო ეს შენობა-ნაგებობა. გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ შორის ცხაურების დამონტაჟების შემდეგ, ზოგადად არსებობს კონკრეტული ადგილები, რომლებიც დღეს საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ეს კონკრეტული, რაზეც მკითხეთ, მგონია, რომ პრობლემურია, რადგან გვირაბის თავზეა აშენებული“, - აღნიშნა კალაძემ.
ის ასევე, გამოეხმაურა ვერეს ხეობაში კომპანია „რედკოს“ საცხოვრებელ კოპრუსს.
„რედკოს კორპუსის ირგვლივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს დამტკიცებული პროექტი იყო და ჩვენ მშენებლობის ნებართვა გავეცით. ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროდან ოფიციალური წერილი, რომ ეს ნიშნული არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ვიმეორებ, ვერეს ხეობაში გვაქვს ისეთი ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა არის ისეთი მონაკვეთები, რომელიც განვითარებისთვის, მშენებლობისთვის არის საშიში და ჩვენ იქ სამშენებლო ნებართვებს არ და ვერ გავცემთ,” - განაცხადა კალაძემ.