მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ვარაუდით, სრულმასშტაბიან სავაჭრო ომს, ძლიერი კრიზისის გამოწვევა შეუძლია, რასაც მსოფლიო ეკონომიკის 17 პროცენტით ვარდნა მოჰყვება. WTO მოსალოდნელ კრიზისს, დოტკომების კრახით გამოწვეულ კრიზისს ადარებს, რომელიც საუკუნეების მიჯნაზე მოხდა.
WTO-ს ინფორმაციის და გარე კავშირების დირექტორი კიტ როკუელი ამბობს, რომ სავაჭრო პარტნიორებს შორის განსხვავებული ტარიფები იშვიათობაა. ის დასძენს, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის, ერთმანეთის პროდუქციაზე უზარმაზარი საბაჟო ტარიფების დაწესება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
„2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, ახალი ტარიფები 588 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას შეეხო“, - ამბობს როკუელი. მისივე თქმით, ახალი ტარიფებით დაბეგრილი პროდუქციის მოცულობა შვიდჯერ მეტია იმაზე, რაც სატარიფო ომამდე ერთი წლით ადრე იყო.
სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბულობის გამწვავების გამო, WTO-მ მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, 3.7-დან 3.5 პროცენტამდე შეამცირა. მაგრამ ორგანიზაცია თვლის, რომ თუ ამერიკა და ჩინეთი ტარიფების ომს გააგრძელებენ, მსოფლიო ეკონომიკა გაცილებით მეტად დაზარალდება.
როკველი ამბობს, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, კაპიტალური პროდუქციის მსოფლიო იმპორტი 3 პროცენტით არის შემცირებული და ბოლო სამი წლის მინიმალურ მაჩვენებლამდე დავიდა. ამ ყველაფრის საფუძველზე შეიძლება ვარაუდი, რომ მსოფლიო ეკონომიკას, მკვეთრი ვარდნა ამ ზაფხულშივე ელის.
„ჩვენ ვხედავთ თავდაუჯერებლობას, ჩვენ ვხედავთ წარმოების შემცირებას და საექსპორტო შეკვეთების კლებას. ეს ყველაფერი, ეკონომიკის ზრდის უკიდურესად დაბალ დონეს მოასწავებს“, - დასძენს როკუელი.
იმ შემთხვევაშიც, თუ სავაჭრო ომი მალე შეწყდება, მსოფლიო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანი იქნება. WTO-ს აზრით, მსოფლიო ეკონომიკა მკვეთრი ვარდნის ზღვარზეა.