კახა კალაძე - დეველოპერებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის საბანკო რეგულაციები უახლოეს მომავალში შეიცვლება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დეველოპერებისა და სამშენებლო კომპანიებისთვის საბანკო რეგულაციები უახლოეს მომავალში შეიცვლება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, შრომის უსაფრთხოებაზე საუბრისას განაცხადა.

„საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული სამშენებლო სექტორის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე. იყო შეხვედრა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, პრემიერის ხელმძღვანელობით და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეიცვლება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ჯარიმებს, კალაძის თქმით, რომელი სამშენებლო კომპანიაც უშუალოდ მუშაობს, კონკრეტულ ლოკაციაზე ის უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი.

„ხშირ შემთხვევაში, დეველოპერიც ჯარიმდება, რაც მგონია, არასწორია, იმიტომ რომ დეველოპერს არ ჰყავს სამშენებლო კომპანია, რომელიც თვითონ არის პასუხისმგებელი სამშენებლო ობიექტზე და უსაფრთხოებაზე. ჩვენ მუშები რომ ვაჯარიმოთ, მგონია, რომ ეს არასწორია. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს სამშენებლო კომპანიას და დისციპლინა უნდა იყოს უსაფრთხოების მიმართულებით. ყველა განვითარებულ ქალაქში და ქვეყანაში ასეა. ველოსიპედს ნუ გამოვიგონებთ, გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები. ვინც უშუალოდ ლოკაციაზე მუშაობს, ის სამშენებლო კომპანია უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე პასუხისმგებელი. მას შეიძლება კონტრაქტით ჰქონდეს დარეგულირებული მუშასთან, რომ მუშამაც იცოდეს ჩაფხუტის გარეშე ან დასაბმელის გარეშე მუშაობა რომ არ შეიძლება. ეს არის მუშისა და სამშენებლო კომპანიის ურთიერთობა და კომუნიკაცია და თუ მარტო მუშას ვაჯარიმებთ, ამან არ მგონია შედეგი მოგვცეს", - განაცხადა კალაძემ.