საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისგადამზადება დაწყებულია და „ბიზნესი რამდენ ადამიანსაც მოითხოვს, იმდენი გადამზადდება". ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილმა თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, დეველოპერულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა იმართება.
მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების სპეციალიტებში იგულისხმება ინტეგრირებული ჯგუფები, რომლებშიც გაერთიანებული იქნებიან როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, ისე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მისივე თქმით, აღნიშნული სამსახურების საერთო კომპეტენციის და რესურსების გაერთიანება ხდება იმისთვის, რომ მუშაობა "ინტენსიური იყოს და დეველოპერული კომპანიებისთვისაც არ იყოს 3 სხვადასხვა შემოწმება ცალ-ცალკე საჭირო".
"შრომის უსაფრთხოების სპეციალისტზე ვაკანსიები არ გამოცხადებულა. გადამზადება დაწყებულია. თუ არ ვცდები, 700 კაციანი რეესტრიც კი არის სპეციალისტების. რამდენსაც მოითხოვს ბიზნესი, იმდენი ადამიანი გადამზადდება. არის ისეთი ბიზნესი, რომელიც აწარმოებს ამ საქმიანობას და მომზადებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების. თუმცა, ის ვერ მოამზადებს იმხელა რაოდენობის რესურსს, რომელიც სჭირდება ბიზნესს. თუ ბაზარზე მათ არ გააჩნიათ მოთხოვნა, ანუ თუ არ დაიწყეს აყვანა ამ ხალხის, შეიძლება ადამიანმა არ გაიაროს გადამზადება, რადგან მოთხოვნა არ არის. ამასთან, შესაძლებელია, რომ მათ თავისივე მოქმედი თანამშრომელი გადაამზადონ, ან თვითონ გადაემზადონ. შეიძლება სამუშაოების მწარმოებელი გადაამზადონ, მაგრამ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ რეგლამენტებს გაეცნობა. კანონის გარდა არის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა დეპუტატმა.
კითხვაზე, ვინ გადაამზადებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს, ცქიტიშვილმა ასე უპასუხა: "ეს არის 10-15- მდე აკრედიტირებული ორგანიზაცია, რომელთა სია გამოქვეყნებულია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე. მათ შორის არის ბიზნეს ფედერაცია, ბიზნეს დამსაქმებელთა ფედერაცია და რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებიც ამას ახორციელებენ და შეკვეთის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, რომ თვითონვე შესთავაზონ თავისი კადრები, რომლებსაც გადაამზადებენ".