საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის შიგნით ერთ ვიზიტზე საშუალოდ 110,5 ლარს ხარჯავენ - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევაში. 110,5 ლარიდან ყველაზე მეტს - 37,4 ლარს საყიდლებზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს - 2,1 ლარს გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე. ტრანსპორტის ხარჯი 21,6 ლარს შეადგენს, საკვების და სასმელის - 23,5 ლარს, განთავსებაზე კი ტურისტები მხოლოდ 4,1 ლარს ხარჯავენ.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 918.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 11.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებს.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 470.8 ათასით განისაზღვრა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.4 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 28.3 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.8 პროცენტი აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 298.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 213.6 ათასი ვიზიტი თვეში).
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 121.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 11.9 ლარით და 110.5 ლარს უტოლდება.