2019 წლის 14 ივნისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways პირდაპირ რეისებს შეასრულებს ბაქო-ბათუმის მიმართულებით. ამის შესახებ ბათუმის მერიიდან იუწყებიან.
როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, Buta Airways-მა ბაქო-ბათუმის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.
ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია განახორციელებს ფრენებს. რეგულარული რეისები უკვე სრულდება თბილისის მიმართულებით. ფრენები განხორციელდება კვირაში ორჯერ - პარასკევს და კვირას.
„დღეს პირველი რეისი შეასრულა Buta Airways-მა ბაქო-ბათუმის მიმართულებით. აღნიშნული ავიარეისი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელია, ვინაიდან მრავალსაათიანი მოგზაურობის ნაცვლად, აზერბაიჯანელ ვიზიტორებსა და ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მაქსიმუმ საათნახევარში განახორციელონ მგზავრობა. აღნიშნული ავიარეისი ხელს შეუწყობს ჩვენს ქალაქებს შორის, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარებას. ხვალ ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება, რაც წლევანდელი ტურისტული სეზონის შესანიშნავი საჩუქარი და დასაწყისია“, - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
დღეს ვიზიტორებთან ერთად ბათუმს Buta Airways-ის დირექტორი ნაზიმ სამედოვი ესტუმრა. დახვედრის საზეიმო ცერემონიალში ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში პარვიზ ისმაილზადა მონაწილეობდნენ.