ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

ქვედა ჩხოროწყუში ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა. საწარმოს ფუნქციონირებისათვის ინვესტორმა 127 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და 10 სამუშაო ადგილი შექმნა. კომპანია ყოველწლიურად 90 ტონა დაფნის ფოთოლს გადაამუშავებს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში შპს „ჯუმითი-2014“-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ქვედა ჩხოროწყუში მდებარე 4 558 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა. ამასთან, შპს ჯუმითი 2014 „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარია, საწარმოს მშენებლობისთვის და მანქანა დანადგარების შეძენისთვის გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376,000 ლარი აქვს მიღებული.

2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 308 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 675,4 მლნ ლარს აღემატება. სულ შეიქმნება 11 700-ზე მეტი სამუშაო ადგილი.