სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარა და გახდა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-14 ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების ოფიციალური სია მხოლოდ ევროკავშირის/შენგენის 20 წევრ-სახელმწიფოს გააჩნია.

„სლოვენიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული სტანდარტებით, ისევე როგორც ზოგადი პოლიტიკური გარემოსა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მიიჩნევა ქვეყანად, სადაც ადგილი არ აქვს მოქალაქეების შევიწროვებას და ადამიანები დაცული არიან ყველა სახის შესაძლო დევნისაგან.

სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს,” - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

საქართველო უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანილი ჰყავს ბულგარეთს, საფრანგეთს, ლიხტენშტაინს, ავსტრიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, ისლანდიას, ლუქსემბურგს, ირლანდიას, ესტონეთს, დანიას, ჩეხეთს და კვიპროსს.