კიდევ  ერთი ცვლილება „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვი“ „ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებას გეგმავს.

კერძოდ, კომპანიის გადაწყვეტილებით, „სამეთვალყურეო საბჭოს“ წევრად ოთხი წლის ვადით გიორგი კალანდარიშვილს აირჩევენ.

„გიორგი კალანდარიშვილის ყოველთვიური ანაზღაურება დარჩეს უცვლელი და განისაზღვროს გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის თარიღისთვის არსებული ოდენობით“-აღნიშნულია ბანკის აქციონერის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კალანდარიშვილმა წინა თვეში ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცვლილება მეწარმეთა რეესტრში უკვე აისახა. კერძოდ, 20 მაისის ამონაწერით, ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ლეკიშვილია.

შეგახსენებთ, რომ კალანდარიშვილი გენდირექტორის პოზიციას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია. თავის დროზე ის პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკის“ გენერალური დირექტორი და ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი იყო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 20 მაისის რეესტრის ამონაწერით, „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, წევრები კი - დავით შონია და მამუკა წერეთელი არიან.

თაია არდოტელი