ავტომობილები გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმდება - ინიციატივაზე შსს არასამთავრობოებთან ერთად მუშაობს

ავტომობილების გამონაბოლქვზე ქუჩაში მოძრაობისას ადგილზევე შემოწმების აუცილებლობაზე სამოქალაქო სექტორი აქტიურად საუბრობს.

აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ თემატური მოკვლევის შედეგებშიც იყო აღნიშნული.

ახლა კი, "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ შს სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით, მუშაობს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმება ქუჩებშიც დაიწყება. სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ განიხილება ქუჩაში ავტომობილების გამონაბოლქვზე მონიტორინგი.

„არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიმდინარეობს მუშაობა ინიციატივებზე, რომლებიც სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შედეგებს გააუმჯობესებს. მათ შორის, ქუჩაში მონიტორინგის საკითხიც განიხილება,“-აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, იმასაც რომ 11 მაისს ორგანიზაციის „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და ტექისნპექტირების ასოციაციის ინიციატივით, გამონაბოლქვზე ავტომობილის ქუჩებში შემოწმების მინი-აქცია ჩატარდა. კერძოდ, როგორც „ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა განაცხადა, სამოქალაქო რეიდის ფარგლებში, 1 საათის განმავლობაში 12 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოწმდა გამონაბალქვზე. მისივე თქმით, ყველა საშუალებას გავლილი ჰქონდა ტექნიკური ინსპექტირება, თუმცა, ამ კვლევის ფარგლებში გამონაბოლქვის ტესტი 5-მა მათგანმა ვერ გაიარა.