2019 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.5 ლარით გაიზარდა და 1 092.7 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.
საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 894.3 ლარი (წლიური ზრდა -17.8 პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 799.0 ლარი (წლიური ზრდა 3.2 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 751.8 (წლიური ზრდა 3.9 პროცენტი).
„2019 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 876.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 294.1 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 58.0 და 22.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
2019 წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1 151.9 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 45.4 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2056.6 ლარი, წლიური ზრდა 2.5 პროცენტი), ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (1776.6 ლარი, წლიური ზრდა 4.1 პროცენტი) დარგში ფიქსირდება.
მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 12.5 ლარით და 993.1 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სახელმწიფო მმართველობისა და თავდაცვის სფეროებში დასაქმებულებს,“-აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.