მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯი მსოფლიო ბანკის მხრიდან უმნიშვნელოვანესი გზავნილია.
„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც არის ჩვენი ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილი. მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს. ფინანსურ შეთანხმებას ხელი მოეწერება ხვალ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში,“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
მისი განცხადებით, პროექტი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
„მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად აწარმოებს ყველა ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის ინდექსის გაზომვას, ეს არის პირდაპირ კავშირში, 21-ე საუკუნეში, თუ როგორი კონკურენტუნარიანი იქნება საქართველო. იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. ეს პროექტი პირდაპირ დაგვეხმარება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის ზრდაში. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ჩვენი მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. ამავე დროს, პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა და სოფლებში. მათ შორის ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.