მაია ცქიტიშვილი „ოქროს სიაზე“ - ბუნებრივია, ბიზნესსუბიექტებისთვის სასურველი არ არის რაიმე შეღავათის გაუქმება, ალბათ, ამას მოყვა შესაბამისი რეაქცია

ბუნებრივია, ბიზნესსუბიექტებისთვის სასურველი არ არის რაიმე შეღავათის გაუქმება, ალბათ, ამას მოყვა შესაბამისი რეაქცია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ე.წ. ოქროს სიის გაუქმებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც ეს სია უნდა გაუქმებულიყო, ბიზნესი ინფორმირებული იყო.

„ჩემი ინფორმაციით ამის თაობაზე, ბიზნესთან არსებულ შეხვედრებზე არაერთხელ იყო საუბარი, ბიზნესისთვისაც იყო ცნობილი ამ ინიციატივის შესახებ. თუმცა რა თქმა უნდა, ბიზნესუბიექტებისთვის ბუნებრივია, არაა სასურველი რაიმე შეღავათის გაუქმება, ალბათ ამას მოყვა შესაბამისი რეაქცია“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).

ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება ბრძანების გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში – ბრძანების გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).„ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე კვლავ იმოქმედებს იმპორტის გადასახდელების გადახდის 45-დღიანი ვადა. ამასთან, „ოქროს სიის“ კომპანიები კვლავ ისარგებლებენ გამარტივებული საბაჟო სერვისითა და პროცედურებით, ასევე „ოქროს სიის“ მონაწილე კომპანიებისთვის დაწესებული სხვა შეღავათებით.