მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ე.წ. ფინანსური დახურვის ვადის გადავადება, ხელს შეუწყობს ფინანსური რესურსის მოძიებას

რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრი იმედოვნებს, რომ ანაკლიის კონსორციუმისთვის ე.წ. ფინანსური დახურვის ვადის გადავადება, ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ფინანსური რესურსის მოძიებას. როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, ფინანსური დახურვის ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობს მთავრობას, ანაკლიის კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრებულებით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების, ე.წ. ფინანსური დახურვის ვადის გადავადება მოხდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე. ეს ვადა თავდაპირველად განისაზღვრებოდა 2017 წლის 15 აგვისტოთი. შემდგომში ამ ვადის გახანგრძლივება არაერთხელ მოხდა. ამჯერად მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იმ პროცესის გათვალისწინებით, რომელიც ამჟამად წარმოებს საქართველოს მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის, იმ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, ჩვენ ამ ვადას კიდევ ერთხელ ვახანგრძლივებთ. იმედი გვაქვს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, შეთანხმება შედგება როგორ მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის, ასევე ინვესტორი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, მოახერხებენ შეთანხმებას ფინანსური რესურსის მოძიებაზე და იმ ძირითად ვალდებულებებზე, რაც წინაპირობა იქნება ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის პრიორიტეტული პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.