ერთ თვეში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი 2,1%-ით გაიზარდა და დღეს ეს მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, იანვარ-აპრილში კი რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი მთლიან იმპორტში 31,5%-ს შეადგენდა.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 404,2 ათასი ტონა, რაც 25,7 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (429,9 ათასი ტონა).
ამავე მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 215,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,8 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 188,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 146,4 ათასი ტონაანუ 68,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 65,7 ათასი ტონა ანუ 30,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3,2 ათასი ტონა ანუ 1,5%.
ამასთან, 2019 წლის 5 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 136,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუმინეთი - 101,6 ათასი ტონა (25,1%), აზერბაიჯანი - 77,1 ათასი ტონა (19,1%), ბულგარეთი - 38,6 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი - 32,5 ათასი ტონა (8,0%); საბერძნეთი - 17,8 ათასი ტონა (4,4%) და სხვ.
„ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის კლებით. კერძოდ, მ/წლის 5 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით შემცირდა“, - აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.