კახეთში, ყვარელში, 16 ჰექტარ ფართობზე ზეთის ხილის ბაღები გაშენდა. ამის შესახებ „ბიზნესრესნიუსთან“ საუბრისას, ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პირველი სარეალიზაციო მოსავალი 3-4 წელში იქნება და აქვს ამბიცია, რომ იმპორტირებული პროდუქტი, მთლიანად ადგილობრივით ჩაანაცვლოს.
როგორც ლაშა პაპაშვილი განმარტავს, ზეთის ხილის ბაღები სახელმწიფო ხელშეყობის პროგრამით - „დანერგე მომავალი“ გაშენდა.
„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გავაკეთეთ ზეთისხილის ბაღები კახეთში, კერძოდ, ყვარელში. ზეთის ხილის მოყვანა ძალიან მაინტერესებდა, რადგან ვფიქრობ, რომ ამ პროდუქტს ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ტრადიციები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. ეს იყო ზეთისხილის, ღვინის, ხორბალის წარმოება. ამ ეტაპზე ბაღები 16 ჰექტარზეა გაშენებული“,-აცხადებს ლაშა პაპაშვილი.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ძირითადად იმპორტირებულ ზეთის ხილზეა დამოკიდებული, პროდუქტი ექსპორტზე არ გავა და მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
„პირველ მოსავლის მიღებას 3-4 წელი დასჭირდება, მაგრამ მისი რეალიზაცია მთლიანად ადგილობრივ ბაზaრზე მოხდება. ექსპორტზე გასვლას არ ვგეგმავთ, რადგან ჩვენი ქვეყანა, ფაქტობრივად, იმპოტირებულ ზეთისხილზეა დამოკიდებული. ამიტომ, ამბიცია გვაქვს, რომ იპორტირებული პროდუქტი ადგილობრივით ჩავანაცვლოთ“,-აღნიშნავს ლაშა პაპაშვილი.