საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD). მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 24 მაისს დაამტკიცა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფას და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვების მხრივ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიღწეული იქნება პროექტის სამი კომპონენტის საშუალებით, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური გაჯანსაღებისა და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერა და სსე-ს დახმარება გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მიღების კუთხით.
“პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენების კუთხით“, - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროექტის შედეგები საზოგადოების კეთილდღეობაზე დადებითად უნდა აისახოს.
„“ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ შედეგები საბოლოოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მეწარმეთა თუ მეურნეთა პროდუქტიულობაზე უნდა აისახოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
„უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები წარმატებით დასრულდა. დერეგულირებასა და პრივატიზაციაზე მიმართულმა ფართომასშტაბიანმა მარეგულირებელმა და საბაზრო რეფორმებმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დარგის სუბიექტების ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობის ამაღლებას. გატარებული რეფორმების შედეგად ენერგოსექტორი გამოვიდა თითქმის სრული ოპერაციული და ფინანსური კოლაფსიდან და ახლა წარმოდგენილია ადეკვატური ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიებით, რომლებიც ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფენ. მარეგულირებელი ჩარჩო ზოგადად მტკიცეა, მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები. პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მათ გადაწყვეტაში ენერგეტიკის სფეროში არსებული სტრატეგიის შესაბამისად “, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, უწყების ცნობით, პროექტი სრულად შეესაბამება მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიას (2019 - 2022 წწ.). ამასთან, ის ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით (NDC) დადგენილი მიზნების შესრულებაში.