აშშ მზადაა 300 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდოს

აშშ-ის ადმინისტრაცია ჩინეთთან სავაჭრო საკითხებში შედეგის არქონის ფონზე, მზადაა დააწესოს საბაჟო ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის ღირებულების პროდუქციაზე. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ის ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა უილბორ როსმა განუცხადა.

„ჩვენ ბოლოსდაბოლოს მივაღწევთ შეთანხმებას. მაგრამ თუ ეს არ მოხდება, პრეზიდენტი მხოლოდ მოხარული იქნება გააგრძელოს სატარიფო პოლიტიკა, რომელზეც ჩვენ განვაცხადეთ“, - განაცხადა როსმა.

როგორც მან აღნიშნა, საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც ვაშინგტონმა დროებით გადადო.

როსმა ასევე განაცხადა, რომ შტატები მზადაა საბაჟო ტარიფები გაზარდოს იმპორტირებულ ავტომობილებზე ჩინეთიდან და ევროკავშირიდან. მისი თქმით, შტატებში საავტომობილო ბაზარი ახლა ყველაზე ჯანსაღ მდგომარეობაშია მთელს მსოფლიოში. მანვე განაცხადა, რომ საბაჟო ტარიფების დაწესებით შტატებში უცხოური საავტომობილო კომპანიების ინვესტიციებს ელოდებიან.

როსმა განაცხადა, რომ აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმება სავარაუდოდ მიიღწევა, ოღონდ ეს არ მოხდება დიდი ოცეულის სამიტზე იაპონიაში, რომელიც 28-29 ივნისს გაიმართება და რომელშიც ორი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

კოკა კვირკველია