გაერო-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, დედამიწის მოსახლეობა საუკუნის ბოლოსთვის დაახლოებით სამი მილიარდით გაიზრდება და 10.9 მილიარდს მიაღწევს. 2050 წლისთვის კი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 9,7 მილიარდი იქნება. თუმცა ეს ბოლო კვლევა მაინც უფრო მოკრძალებულ ზრდას გულისხმობს, ვიდრე აშშ-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც 11,2 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებდა. აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
შობადობის გლობალური კოეფიციენტი ბოლო ათწლეულებში კლებულობს, კერძოდ, 1990 წელს ეს იყო 3,2, ხოლო წელს არის 2,5. თუმცა ეს ყველა რეგიონს თანაბრად არ ეხება და მაინც გამოიწვევს მოსახლეობის რაოდენობის ზრდას. ყველაზე დიდი მატება ივარაუდება აფრიკაში, საჰარიდან სამხრეთით. ბევრ სახელმწიფოში კი მოსახლეობა შემცირდება. ინდოეთი 8 წელიწადში, ალბათ, გახდება ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფო და გაუსწრებს ჩინეთს. ამ უკანასკნელში 2050 წლისთვის მოსახლეობა 2,2 პროცენტით შემცირდება და 1,43 მილიარდამდე იქნება. აშშ-ის მოსახლეობა 329 მილიონიდან საუკუნის ბოლოსთვის 434 მილიონამდე გაიზრდება, თუმცა უმთავრესად მიგრაციის ხარჯზე.