„ვღელავ, რადგან დაკისრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - ჩვენი შემდგომი ეტაპი რეფორმის მეორე ეტაპის განხორციელებაა"

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი საკითხი და არც ერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძემ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მეორე ტალღა დააანონსა.

„გულწრფელად გეტყვით, ვღელავ, ვგრძნობ დაკისრებულ პასუხისმგებლობას და მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის და ბატონ დავითს რეკომენდაციისთვის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის პირველი ფაზა ნამდვილად წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდის და ბატონი დავითის დამსახურებაა. ჩვენი შემდგომი ეტაპი არის მეორე ეტაპის განხორციელება, რომელიც გულისხმობს მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარი მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები, ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან, დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად“,- განაცხადა ეკა ტიკარაძემ.