საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსურ შეთანხმებას, დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების სისტემისთვის მსოფლიო ბანკი 90 მილიონ ევროს გამოყოფს,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების იცნობით, ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით „ინოვაციების, ინკლუზიური განათლების და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელი მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მოაწერეს. პროექტი ხელს შეუწყობს ადამიანური კაპიტალის განვითარებას სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის გზით.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერს არაერთი მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც გვეხმარება როგორც რესურსების, ასევე კომპეტენციების მიმართულებითაც, გაფორმებული ხელშეკრულება კი, ამის ნათელი მაგალითია.
„მოგეხსენაბთ მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმის დაწყების პირველივე დღიდან ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. პირველივე დღეებიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან და მათი მისიის წარმომადგენლებთან. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ხელი მოეწერა შეთანხმებას, რაც განათლების სისტემაში 90 მილიონი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. კონკრეტულად კი ძირითადი რესურსი დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში, სკოლების რეაბილიტაციაში. გარდა ამისა, ეს რესურსი ასევე მოხმარდება განათლების სფეროს სხვა მიმართულებებსაც, მათ შორის უმაღლეს და სკოლამდელ განათლებას. მიმდინარე კვირა ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო. 4 დღის წინ ხელი ასევე მოვაწერეთ გერმანულ მხარესთან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, პროფესიული განათლების სფეროს განვითარებაში 22 მილიონი დაიხარჯება. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ განათლების კომპლექსურ რეფორმას მხარს უჭერენ მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები. რეფორმის ყოველი მომდევნო ნაბიჯი სწორედ მათთან თანამშრომლობით განხორციელდება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
„მსოფლიო ბანკში“ კი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის.
„საქართველო აგრძელებს ინვესტირებას თავის მოქალაქეებში. აღნიშნული პროექტის მიზანი ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების მოსაზიდად და კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში ინოვაციებისა და პროდუქტიულობის ასამაღლებლად საქართველოს მხარდაჭერაა. მტკიცე საფუძვლის მომზადების გზით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით პროექტი გაზრდის საქართველოს შესაძლებლობებს თოთოეული მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად,“ - აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.
ცნობისთვის, პროექტს ხუთი ძირითადი მიზანი აქვს:სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უმაღლესი განათლების დაფინანსების პარამეტრების გაუმჯობესება, სისტემაში მონაწილე მხარეებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, პროექტების მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილება პედაგოგიკასა და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროექტის უშუალო ბენეფიციარებს შორის არიან როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ამასთან, პროექტი უზრუნველყოფს გენდერულ თანასწორობის პრინციპებით მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოფლებისა და მაღალმთიანი რეგიონების დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეების), ეთნიკური უმცირესობებისა და განსაკუთრებული სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას. განახლებული აკადემიური პროგრამებით პროექტი ასევე დახმარებას გაუწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას 2018-2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.