დღეს ბათუმის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KFW) შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში KFW-ს მიერ 5,722 მილიონი ევროს გამოყოფა იგეგმება საჯარო ბაღებზე სხვადასხვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განსათავსებლად, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ხელმოწერის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სადემონსტრაციო პროექტის განხორციელების შედეგად ბათუმი იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, რომელიც დანერგავს ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს საბავშვო ბაღებში.
,,კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს მოვაწერეთ ხელი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ბაღების მშენებლობა განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაცვით. ძალიან მახარებს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქალაქი და რეგიონი ზოგადად ენერგო ეფექტურობის ღონისძიებების გატარების კუთხით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და KFW-ს სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ვეიგელმა.
„პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება და ამჟამად მოსამზადებელ ეტაპზეა. მისი ერთ-ერთ მიზანი, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებასთან ერთად, ენერგოეფექტური მასალების მიმართულებით ქართული ბაზრის განვითარებაა.
სადემონსტრაციო პროექტი ფინანსდება საგრანტო ფონდებით, რასაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით უზრუნველყოფს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსება სამომავლოდ 1.8 მილიონი ევროს ოდენობით გაიზრდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.