პარლამენტი თამბაქოს ინდუსტრიის მორიგ დაკვეთაზე მუშაობს. ამის შესახებ განცხადებას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. მათივე ცნობით, საკანონმდებლო ორგანო ბიზნესის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებათა პროექტს განიხილავს. ალიანსის ცნობით, პროექტის დამტკიცება თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) რეალიზაციას დაეხმარება. ამასთან, როგორც ალიანსში აცხადებენ, ამ ცვლილების საჭიროება კანონპროექტის მიხედვით, ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის მიმართ მზარდმა მოთხოვნამ გამოიწვია, თუმცა, მათივე შეფასებით, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, თუ რის ხარჯზე მოხდა მოთხოვნის ზრდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„პარადოქსია, როდესაც „თამბაქოს კონტროლის კანონის“ მიღების და აღსრულების მიზანია, თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის მოხმარება შეამციროს, პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და აღარც მალავენ, რომ მკვლელ ბიზნეს ლობირებენ.
გაუგებარია კანონმდებლების მიდგომა - ბაზარზე ელექტრონულ და გასახურებელ თამბაქოზე მოთხოვნა გაიზარდა და ამ პროცესს ხელს უწყობთ? თუ არ იციან, არ უნდა იკითხონ რის ხარჯზე, ვის ხარჯზე იზრდება მოთხოვნა? ან ყველაფერი კარგად იციან და ორმაგ თამაშს ღიად ეწევიან? კანონი ვითომ საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით მიიღეს, რომ შემდგომ, ინდუსტრიის ინტერესების მიხედვით, ნელ-ნელა დაარღვიონ?
ფაქტია, თამბაქოს ინდუსტრია კანონის ძალაში შესვლიდან განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობს მის შესუსტებას. ამ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში გატანის მცდელობა კი ერთი წლის წინ დაიწყო.
2018 წელს, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანიც იყო თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონის დარღვევა. ასოციაცია, რომლის წევრი თამბაქოს საერთაშორისო კომპანია „ფილიპ მორისია“, ელექტრონული სიგარეტებისა და ახალი პროდუქტების (ე.წ. გახურებადი თამბაქოს ნაწარმის) მიმართ განსხვავებული და ლიბერალური მიდგომების გატარებას ითხოვდა. კერძოდ, შეფუთვა-მარკირების გამარტივებას, პოპულარიზაციისა და მოწევის/გასინჯვის დაშვებას შესაბამის დახურულ სავაჭრო სივრცეებში და ა.შ. 2018 წლის 4 დეკემბერს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა კენჭისყრაზე დააყენა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელსაც კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
„ფილიპ მორისმა“ და სხვა საერთაშორისო თამბაქოს კომპანიებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და შუამავლები აღმასრულებელი მთავრობის მაღალ ეშელონებში აფრინეს. შედეგსაც მიაღწიეს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება თამბაქოს ინდუსტრიის გავლენით, ფაქტობრივად ერთი წელია არღვევს „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის“ მეხუთე მუხლის მესამე პუნქტით და „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით დავალებულ მოთხოვნებს. კერძოდ, მთავრობა ვალდებული იყო 2018 წლის 1 ივლისამდე დაემტკიცებინა ნორმატიული აქტი თამბაქოს ინდუსტრიის და მათთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის შემუშავებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და განხორციელებაში მონაწილეობის დაუშვებლობისა და ურთიერთობების გამჭვირვალეობის შესახებ. მოკლედ რომ ვთქვათ, კონკრეტული თანამდებობის პირები და საჯარო მოხელეები ვალდებული არიან, განაცხადონ, როდის და რა ფორმით ჰქონდათ კავშირი თამბაქოს ინდუსტრიასთან, რათა ამ კავშირმა სამსახურეობრივად დაკისრებული უფლებამოსილების გადამეტება არ აიძულოს.
ამ ნორმატიული აქტის პროექტი გასულ წელსვე შეთანხმდა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან და მთავრობას დასამტკიცებლად გადაეგზავნა, თუმცა, ერთი წელია თაროზეა შემოდებული, რაც კორუფციული გარიგების ეჭვს აჩენს. ამ ეჭვს აღრმავებს „ფილიპ მორისის“ შეთხზული საკანონმდებლო ინიციატივის მთავრობაში გადანაცვლება, რასაც თამბაქოს კონტროლის ალიანსის და ჯანდაცვის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი კომისრისა და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელის მწვავე განცხადებები მოჰყვა და მთავრობამ თამბაქოს ინდუსტრიის ინიციატივა აღარ განიხილა, მაგრამ პროექტმა უმნიშვნელო სახეცვლილებით კვლავ პარლამენტში გადაინაცვლა. მისი მფარველობა ითავეს დეპუტატებმა: ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, დავით სონღულაშვილმა, სულხან მახათაძემ, ირაკლი მეზურნიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა.
განსაკუთრებით დასანანია, რომ პარლამენტარები ასეთ ნაბიჯს დგამენ ჯანდაცვისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის ვიტენის ანდრიუკაიტისის საქართველოს მთავრობისადმი მოწოდების შემდეგ, უფრო გაამკაცრონ ელექტრონული სიგარეტისა და ახალი მოწყობილობების რეგულირება, რადგან, ევროკომისრის მოსაზრებით, ახალი ტიპის მოწყობილობები განსაკუთრებით მიმზიდველია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად, მათზე მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს,“-აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ელექტროსიგარეტები და ე.წ. გახურებადი თამბაქოს პროდუქტები საერთოდ აკრძალულია მსოფლიოს 48 ქვეყანაში. ალიანსი მიიჩნევს, რომ: „წარმოდგენილი კანონპროექტი თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და „თამბაქოს კონტორლის შესახებ“ კანონის მოთხოვნებს ეწინააღდეგება, რადგან ის მომზადებულია უშუალოდ თამბაქოს ინდუსტრიისა და მათთან დაკავშირებული პირების ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით. შესაბამისად, კანონპროექტიდან უნდა ამოიღონ ელ. სიგარეტთან და ახალი ტიპის თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული რეგულაციები და მათზე, როგორც თამბაქოს პროდუქტზე ისედაც ვრცელდება ყველა სახის რეგულაცია, მათ შორის რეკლამა/პოპულარიიზაციის სრულად აკრძალვა, შეფუთვა-მარკირების წესები, მოწევის აკრძალვა საზოგადოებრივ შენობებში და ა.შ.; საქართველო გამოცხადდეს არამოსაწევი თამბაქოსა და თამბაქოს ახალი ნაწარმისაგან თავისუფალ ზონად“.
მათივე შეფასებით, თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და კარგად აღსრულებადი რეგულაციებია, რაც კი საქართველოს პარლამენტს ოდესმე მიუღია. ამ მოწვევის პარლამენტის პრინციპული პოზიციების გამო, შესაძლებელი გახდა მოსახლეობის ჯენმრთელობისა და სასიცოცხლო ინტერესების ბოლომდე გატანა და თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ლობისტებს არ უნდა შეეწიროს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევები.