წყნარი ოკეანის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაიწყო

Forbes-ის ინფორმაციით, ამბიციური ოცნება რეალობად იქცა და 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სისტემა შეიქმნა, რომელიც წყნარი ოკეანეში დაგროვილ 1,8 ტრილიონ მოტივტივე ნაგავს წყლიდან ამოიღებს.

მოტივტივე სისტემა სან ფრანცისკოს ყურედან უკვე წამოიღეს და უშუალოდ გამოყენებამდე სატესტო რეჟიმს გაივლის. გამწმენდი სისტემა არაკომერციულმა კომპანიამ Ocean Cleanup-მა დაამზადა. 2013 წელს გერმანელი ინვესტორის მიერ დაფუძნებული კომპანიის მისიაა, შექმნას მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც ოკეანეებს პლასტიკით დაბინძურებას აარიდებს.

მოტივტივე გამწმენდი სისტემის დანიშნულებაა, წყნარი ოკეანის პლასტიკით დაბინძურებული მონაკვეთები, თავდაპირველად, პირველ 5 წელიწადში გაწმინდოს.

წყნარ ოკეანეში ნაგვისგან შექმნილი კუნძული იმდენად დიდია, რომ სატელიტებიდანაც ჩანს. როგორც გამოცემა Forbes იუწყება, აღნიშნული ტერიტორია დაახლოებით, 1,6 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ნაგვის 1,8 ტრილიონ ნამსხვრევს აერთიანებს. ნაგვის ეს დიდი კუნძული ოკეანის დინებებმა შექმნა, რაც მათ მიმოფანტვას უშლის ხელს. ოკეანის პლასტიკისგან გაწმენდის თვალსაზრისით კი, აღნიშნული დინების მიერ ნაგვის ერთად დაგროვება ხელსაყრელია.

მოტივტივე სისტემა ტესტირების შემდეგ, ოქტომბრის შუა რიცხვებში, დაახლოებით, 81 კილომეტრის ტერიტორიაზე დაიწყებს წყლის პლასტიკისგან გასუფთავებას. სისტემა წყალს პლასტიკისგან 3 მეტრის სიღრმეზე გაასუფთავებს, რაც პოლიეთილენისა თუ პლასტმასის მცირე ნაწილაკების შეგროვებასაც გულისხმობს. მას შემდეგ, რაც მოწყობლობა გაივსება, გეზს ხმელეთისკენ აიღებს, რომ შეგროვებული მასა დასახარისხებლად და გადასამუშავებლად მიიტანოს.

კომპანიას ამბიციური გეგმები აქვს, თუმცა მოწყობილობა ღია ოკეანეში დატესტილი ჯერ კიდევ არ არის. ყველაფერი უახლოვდება იმ კონდიციას, რომ მალე წყნარ ოკეანეში შექმნილი პლასტიკის კუნძული აღარ იარსებებს. ყველაზე დიდ ოკეანეში დაგროვილი ნაგვის კუნძულის მსგავსი მეთოდით წმენდის ტექნიკა ჯერ არცერთ კომპანიას არ წარმოუდგენია.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა