სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელს ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წელს ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა. ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში პრივატიზებული სახელმწიფო საწარმოების შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში არცერთი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს პრივატიზება არ მომხდარა.

ამასთან, როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო საწარმოს პრივატიზების მიზნით 5 თვეში მხოლოდ ერთი აუქციონი გამოცხადდა, თუმცა მონაწილეების არარსებობის გამო აუქციონი არ შედგა.

„2019 წლის 13 მარტის ბრძანების საფუძველზე გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი შპს ,,საქსპეცტრანსის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%- იანი წილის უპირობო პრივატიზების მიზნით. მონაწილე პირების არ არსებობის გამო ზემოხსენებული აუქციონი არ შედგა,“ - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ცნობისთვის, ამჟამად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვაშია 97 სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმო, რომელთაც სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელი 19.6 მილიონ ლარიანი მოგებით დაასრულეს.

ამასთან, 2012 წელს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვაში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული 490 საწარმო იყო, 2013 წელს- 463, 2014 წელს- 442, 2015 წელს-282, 2016 წელს -180, 2017 წელს კი 127 საწარმო.

რაც შეეხება საპრივატიზებო გეგმას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ წელს ჯამში 170 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდებოდა, აქედან 30 მილიონი ლარი მიღებას კი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებით აანონსებდა.

მოქმედი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით კი, წელს გეგმით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი, თუმცა შესაძლებელია საპრივატიზაციო ქონების 100 მლნ ლარამდე გაზრდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზუსტად ლარებსა და თეთრებში იმის თქმა, რა ღირებულების ქონების პრივატიზება მოხდება, არასერიოზულია, რადგან გასაყიდი ქონების ღირებულება სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ამასთან, მისივე თქმით, არსებობს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელსაც ნებისმიერი მინისტრი გაჰყვებოდა.