მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ პრივატიზებული სახელმწიფო ქონების ღირებულება 35 457 138 ლარია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს დაახლოებით 2-ჯერ ჩამორჩება.
ინფორმაცია, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში პრივატიზებული სახლემწიფო ქონების შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს პირველ 5 თვეში პრივატიზებული ობიექტების ჯამურმა საპრივატიზებო საფასურმა 35 457 138 ლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს პირველ 5 თვეში სააგენტომ 60 984 612 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად ბიუჯეტში 116 892 431 ლარი შევიდა და შედეგად, საპრივატიზაციო გეგმა უწყებამ 151%-ით შეასრულა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებდა, რომ წელს უწყება ჯამში 170 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების გაყიდვას გეგმავს. უფრო კონკრეტულად, ექსმინისტრის განცხადებით, დაგეგმილი იყო 120 მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი უძრავი ქონების, 30 მილიონი ლარის სახელმწიფო საწარმოებისა და 20 მილიონი ლარის წვრილი ქონების პრივატიზება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების განსხვავებული გეგმა დაუსახა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი განცადებით, წელს გეგმით გათვალისწინებულია 70 მლნ ლარი, თუმცა შესაძლებელია საპრივატიზაციო ქონების 100 მლნ ლარამდე გაზრდა.