ხორცპროდუქტების მაღაზია „ანტრეკოტი“ გაფართოებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ კომპანია 2019 წელს დედაქალაქში 2 მაღაზიას გახსნის, 2020-ში კი დამატებით 2 სავაჭრო წერტილს. ასევე ამოქმედდება ადგილზე მიტანის სერვისიც. გაფართოების გეგმას „ანტრეკოტი“ „სინერჯი კაპიტალთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებს.
„ანტრეკოტი“, სადაც ცოცხალი ხორცი იყიდება, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა და დღეისათვის კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული.
თავდაპირველად „ანტრეკოტში“ იყიდებოდა როგორც საქონლის, ასევე ღორის და კურდღლის ხორცი, ასევე ქათამიც. მოგვიანებით, კომპანიამ პარტნიორის დახმარებით მის დახლებზე განთავსებული ხორცით ხორცპროდუქტების წარმოება დაიწყო. ამ დროისთვის ცოცხალ ხორცთან ერთად „ანტრეკოტში“ მომხმარებელს ამ ხორცისგან დამზადებული სოსისის და ძეხვის შეძენაც შეუძლიათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ასორტიმენტის დახვეწა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში სოსისს და ძეხვს სხვა პროდუქტიც დაემატება.
„ანტრეკოტის“ დამფუძნებლის ოთარ ჩოჩუას თქმით, მაღაზია ხორცით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ფერმებიდან მარაგდება. ფერმიდან სავაჭრო ობიექტამდე კი ხორცი ჰიგიენური წესების სრული დაცვით მიდის.
„ჩვენთან ხორცი ზედმიწევნით კარგად არის დამუშავებული. დიასახლისს სადილის მომზადებისას არ სჭირდება ხორცის დამატებით გასუფთავება. ასევე ჩვენთან ხორცი სხვადასხვა ნაჭრებად არის დაჭრილი და ისე იყიდება. შესაფუთ მასალად ბრენდირებულ ქაღალდს ვიყენებთ. სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ სხვა მაღაზიებისგან, არაფერს ვამბობ ხარისხზე“, - განაცხადა „ანტრეკოტის“ დამფუძნებელმა ოთარ ჩოჩუამ.
კიდევ ერთი რამ, რაც „ანტრეკოტს“ სხვა მსგავსი სავაჭრო ობიექტებისგან გამოარჩევს ფაქტობრივად, დიასახლისის პირადი ყასაბია. მართალია, ხორცის მაღაზიებში მეხორცეს ყველგან შეხვდებით, თუმცა ყასაბს, რომელიც დიასახლისს საჭიროების შემთხვევაში კერძის მომზადებაში ეხმარება, არსად. „ანტრეკოტის“ ყასაბი კი ყოველთვის მზადაა, რომ საკუთარ კლიენტს დაეხმაროს. ასეთი სერვისის მიღება მხოლოდ ფალიაშვილის ქუჩის მაღაზიაშია შესაძლებელი, რადგან ამ დროისთვის „ანტრეკოტი“ მხოლოდ ერთ სავაჭრო ობიექტს ფლობს. თუმცა სულ მალე სინერჯი კაპიტალის დახმარებით „ანტრეკოტი“ თბილისის სხვა უბნებშიც გამოჩნდება და მოქალაქეები „პირადი“ ყასაბის მომსახურებას სხვაგანაც მიიღებენ. როგორც ოთარ ჩოჩუა აცხადებს, მალე მეორე მაღაზია საბურთალოზე გაიხსნება.
„2019 წლის ბოლომდე კიდევ 2 მაღაზიას გავხსნით და ის იგივე კონცეფციის იქნება, როგორიც პირველია. შემდეგ წელს კიდევ 2 გაიხსნება და მალე ჩვენი ბრენდი ქსელის სახით იქნება წარმოდგენილი. ეს ყველაფერი კი სინერჯი კაპიტალთან პარტნიორობით მოხდება. ამ კომპანიასთან თანამშრომლობა კი იმიტომ ავარჩიეთ, რომ გუნდი მთლიანად პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული. მათ იციან, რა სჭირდება ბიზნესს“, - ამბობს ჩოჩუა.
ცნობისათვის, სინერჯი კაპიტალი სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში. სინერჯი კაპიტალის მიერ გადაწყვეტილების მიღება 6 ძირითადი ნაწილისგან შედგება, რაც საბოლოო ჯამში პარტნიორობის შეასაძლებლობას იძლევა. ეს ეტაპებია: წინასწარი შეფასება; კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი; დეტალური შეფასება; პარტნიორთა შორის შეთანხმება; 100-დღიანი ტაქტიკური გეგმის მომზადება და მეთვალყურეობა.
ყველა საფეხურის გავლის შემდეგ სინერჯი კაპიტალმა „ანტრეკოტში“ შესვლა გადაწყვიტა. დღეს ის 45%-იანი წილის მფლობელია. როგორც „სინერჯი კაპიტალის“ პარტნიორი მარიამ მუნჯიშვილი აცხადებს, კომპანიაში შესვლის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.
„პირველი ის, რომ დღეს ხორცის ბაზარი საკმარისად მოწესრიგებული არ არის ჩვენთან და ამას სჭირდება მოწესრიგება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ობიექტს, სადაც ხორცი იყიდება, მომხმარებელში ნდობას იმსახურებდეს. „ანტრეკოტის“ დევიზია, რომ მუდმივად ჰქონდეს ახალი ხორცი, გარანტირებულად ხარისხიანი და სანდოობა იყოს მაღალი. ეს აქვს „ანტრეკოტს“, რაც ჩვენ ძალიან მოგვეწონა და ახლა გვსურს, რომ დავეხმაროთ მათ განვითარებაში, ავაწყოთ ისეთი სისტემა, რომ რაც შეიძლება მეტ უბანში ადამიანებს ჰქონდეთ გარანტია, რომ იყიდიან ახალ ხარისხიან ნედლ ხორცს და მხოლოდ ასე შერჩეული ხორცისგან დამზადებულ გემრიელ ხორცპროდუქტებს. ანუ, მეორე მიზეზი იყო სანდოობა“, - აცხადებს მუნჯიშვილი.
სინერჯი კაპიტალთან თანამშრომლობით „ანტრეკოტი“ არა მხოლოდ ახალ მაღაზიებს გახსნის, არამედ ადგილზე მიტანის სერვისსაც აამოქმედებს.