2018 წლის მარტიდან დღემდე, სამშენებლო კომპანიები დარღვევებისთვის ჯამში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცახდა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საჯარიმო სანქციები მეტწილად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზეა გამოწერილი.
„2018 წლის მარტიდან დღემდე სამშენებლო დარღვევებისთვის გამოწერილი არის 34 მილიონი ლარის ჯარიმა. აქვე მინდა გავიხსენო რამდენიმე პოლიტიკოსის სკეპტიკური დამოკიდებულება ჩვენს შარშანდელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ საერთოდ არ გამოიწერება ჯარიმები და აყვავდება კორუფციაო. რა თქმა უნდა, ეს პირიქით მოხდა, არ აყვავდა კორუფცია და ჯარიმები საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით იქნა გამოწერილი. დღევანდელი ცვლილების კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტში გადახდილი ჯარიმის სახით გადახდილი არც ერთი ლარი არ არის იმ ზარალის საპირწონე, რომელსაც სამშენებლო კომპანიები უკანონო მშენებლობების ან დარღვევების სახით აყენებენ დედაქალაქს და მის მოსახლეობას. სწორედ აქედან გამომდინარე, ეს დარღვევები გადავა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში",- განაცხადა ხმალაძემ.