საზღვაო სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა

აჭარაში საზღვაო სეზონი ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. ყველაზე ფერადმა ფესტივალმა წელსაც უამრავ სტუმარს უმასპინძლა.

ანბანის კოშკთან საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ზღვის სანაპიროზე ფესტივალი ელექტრონული მუსიკითა და ფრანების შოუთი გაიხსნა. დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ბენდები და დიჯეები ზრუნავდნენ. ფესტივალის სპეციალური სტუმარი იყო უცხოელი დიჯეი Lizz, Sunrise, რომელიც საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალების აქტიური მონაწილეა, ბათუმს კი პირველად სტუმრობდა.

პლაჟზევე ფუქნციონირებდა ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილის და კერძების შეკვეთა სპეციალურ ფასად იყო შესაძლებელი. დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მრავალფეროვანი სპორტულ-გასართობი აქტივობები გაიმართა. მათ შორის სიმბოლური ჩემპიონატი პლაჟის ფრენბურთში, სადაც Summer fest–ის თასი სასტუმროებს შორის გათამაშდა. ფესტივალზე საპატიო ადგილი ეჭირა ბათუმის, როგორც ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოს. მასთან ფოტოს გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საზღვაო სეზონის გახსნა სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სცენიდან მიულოცა, რის შემდეგაც ფესტივალი დღის ფოიერვერკმა დაამშვენა. ზაფხულის ფესტივალი 14:00 საათიდან 05:00 საათამდე გაგრძელდა. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.