აზიის ობლიგაციების ბაზარი ფართოვდება

აზიის განვითარების ბანკის „Asia Bond Monitor“-ის ბოლო პუბლიკაციის თანახმად, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციის ბაზრები განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში 2019 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, სავაჭრო კონფლიქტებისა და გლობალური ზრდის შენელების მიუხედავად, გაფართოებას განაგრძობდა. ამის შესახებ ინფორამციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვარტლური ანგარიშის თანახმად, მომავალში ზრდის პოტენციალს ავლენს ბინათმშენებლობა და მწვანე ობლიგაციები.

„მარტის ბოლოს განვითარებად აღმოსავლეთ აზიაში მიმოქცევაში იყო 15 ტრილიონი აშშ დოლარის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციები, რაც 2,9%-ით აღემატება 2018 წლის ბოლოს არსებულს და 14,0%-ით - 2018 წლის მარტის ბოლოს არსებულ მონაცემებს. ამავე დროს, რეგიონში ობლიგაციების გამოშვებამ პირველ კვარტალში 1,4 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10,0%-ით აღემატებოდა 2018 წლის ბოლო კვარტლის მდგომარეობას, მეტი სახელმწიფო ვალის გამოშვების ფონზე.

განვითარებადი აღმოსავლეთ აზია მოიცავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას; ინდონეზიას, კორეის რესპუბლიკას, მალაიზიას, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდსა და ვიეტნამს.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს 9,3 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის მთავრობის ობლიგაციები განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის მთლიანი ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების 61,7%-ს შეადგენდა, რაც 2018 წლის მარტთან შედარებით 14,0%-იანი ზრდაა. ამავე დროს, მიმოქცევაში იყო 5.8 ტრილიონი აშშ დოლარის კორპორაციული ობლიგაცია, რაც 14,2%-ით აღემატებოდა წინა წლის მონაცემებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მოცულობის თვალსაზრისით კვლავ რჩება განვითარებადი აღმოსავლეთ აზიის უმსხვილეს ობლიგაციების ბაზრად რეგიონში, მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების 75,3%-ით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბინათმშენებლობის ობლიგაციების ბაზრის განვითარება მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში მეტად ხელმისაწვდომს გახდის იპოთეკურ სესხებს. ასევე მოხდება ბინათმშენებლობის დაფინანსების დივერსიფიკაცია, რასაც ტრადიციულად კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.