"პაშა ბანკი" რიგით მერვე „კასპიის ენერგეტიკის ფორუმის” სპონსორია.
საქართველოს მთავრობის, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში და Caspian European Club-ის მხარდაჭერით, ფორუმს ორგანიზებას კომპანია Caspian Energy Georgia გაუწევს. ღონისძიება 21 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდება.
ფორუმს 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული სამასამდე დელეგატი დაესწრება. სტუმრებს შორის იქნებიან საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებისთვის ჩატარდება თემატური სესიები და შეხვედრები.
„კასპიის ენერგეტიკის ფორუმი“ წელიწადში რამდენჯერმე იმართება კასპია-შავი ზღვის და ბალტიის ქვეყნებში. ფორუმი ბიზნეს და სამთავრობო სექტორებს შორის დიალოგისთვის ქმნის კომფორტულ სივრცეს. ღონისძიებას რეგიონში ბიზნესის და ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორები, ექსპერტები და ანალიტიკოსები ესწრებიან.
"პაშა ბანკი" ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.