„სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით თბილისის მერმა იდეალური გადაწყვეტილება მიიღო"

სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით თბილისის მერმა იდეალური გადაწყვეტილება მიიღო - ბუნებრივია, კანონის პროექტს პარლამენტში ჩვენ დავაინიცირებთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აღნიშნულ საკითხებზე კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. მისივე თქმით, დაგეგმილი ცვლილებები მოახდენს ქაოტური განაშენიანების პრევენციას და ყველა იმ ხარვეზს აღმოფხვრის, რაც ბოლო წლების განმავლობაში სამშენებლო კუთხით არსებობდა.

“ადრე თუ გვიან უნდა მომდარიყო და ქალაქის ბოლომდე დამახინჯება გამორიცხულიყო. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება ყველა, ვინც სამშენებლო წესების არსებითი დარღვევით ააშენებს. ამასთან, ბუნებრივია, უკვე გაფუჭებულს არაფერი ეშველება და თუკი უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ იქნება, აშენებული შენობები ექსპლუატაციაში შევა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ექსპლუატაციაში შეუსვლელ ბინებში ცხოვრობს, რაც კერძო საკუთრების კუთხით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. იმ შენობებში კი, სადაც უსაფრთხოების ნორმებია დარღვეული, რა თქმა უნდა, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ გავრისკავთ. ასეთ შემთხვევაში მიდგომა ასეთი იქნება - ჯერ უსაფრთხოების ნორმების შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს და ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი შენობის ექსპლუატაციაში მიღებაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.