"ბინების ექსპლუატაციაში მიღება სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ რაღაც სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ"

ბინების ექსპლუატაციაში მიღება სწორი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ რაღაც სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა თბილისის მერიის გადაწყვეტილების კომენტირებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ექსპლუატაციაში მყოფი შენობები არის ათწლეულების პრობლემა.

„თანაც, ექსპლუატაციაში არმიღება არ ხდება ვინმეს ახირების გამო, დაუსრულებელ შენობებზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ ეს უნდა დასრულდეს და შემდეგ დავიწყოთ ახალი ფურცლიდან. ამ საკითხს აქვს ბევრი პლიუსიც და მინუსიც, თუმცა მე მგონია, რომ უფრო მეტი პლიუსი აქვს.

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ბინაში ცხოვრობს, მაგრამ ბინის ექსპლუატაციაში არყოფნის გამო ის ადამიანი ამ ქონებას ვერ იყენებს. მის მფლობელს არ შეუძლია იპოთეკური სესხის აღებაც, ანუ ეს ქონება დღეს არის ჰაერში გამოკიდებული, ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ქონება არ აქვს. დამეთანხმებით, რომ საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ქონება არის მათი უძრავი ქონება და ამ უძრავ ქონებას ისინი ვერ იყენებენ“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში დაახლოებით 600 ობიექტია, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული და ამნისტია შეეხება სამშენებლო დარღვევებს 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით.