IMF - რეგულაციებმა კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე დაწია

საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოში ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებს აფასებენ და აცხადებენ, რომ კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე დაიწია. როგორც ფონდის მმართველი დირექტორის პირველმა მოადგილემ და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დევიდ ლიპტონმა განაცხადა, საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ მართებულად არის მიმართული ფასების სტაბილურობაზე.

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავაც კარგია: ეკონომიკის ზრდის ტემპი მდგრადია, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობა შემცირებულია. მიუხედევად ამ პოზიტიური პერსპექტივისა, ქვეყნის ხელისუფლება მზად უნდა იყოს გაუმკლავდეს საგარეო ვითარების შესაძლო უარყოფითი შედეგების გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. ამისთვის ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელება მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად“, - განაცხადა დევიდ ლიპტონმა.

მისივე თქმით, ფისკალური დეფიციტი სტაბილური იქნება როგორც 2019 წელს, ასევე საშუალოვადიან პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ქვეყანა ფისკალური მდგრადობის მიზნის ერთგული რჩება. ამასთან, საჯარო განათლებაზე მიმართული მაღალი ხარჯი დაბალანსდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ტემპის კლებით. განათლების სექტორში გასაწევ ხარჯთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ ხელფასის მატება შეიძლება ეფექტური იყოს მხოლოდ სხვა ღონისძიებების პარალელურად, რაც განათლების ხარისხის ზრდას ითვალისწინებს და განათლების რეფორმის საფუძვლიან დაგეგმვას მოითხოვს.

„მონეტარული პოლიტიკა კვლავ მართებულად არის მიმართული ფასების სტაბილურობაზე. რადგან ბოლოდროინდელ ფასების მატებას დროებითი ფაქტორები განაპირობებს, ნეიტრალური მონეტარული პოზიციის შენარჩუნება შესაფერისი პასუხია.

ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად. ხელისუფლება ახორციელებს განათლების რეფორმას რათა შეამციროს შეუსაბამობა სამუშაო ძალის უნარჩვევებსა და სამუშაოს მოთხოვნებს შორის. ახალი კანონი გადახდისუუნარობის შესახებ, საპენსიო სააგენტოს სრულად ამუშავება, სამართლებრივი სფეროს ტრანსპერენტულობის და დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფ რეფორმებთან ერთად ხელს შეუწყობს ინვესტიციების მობილიზებას. ენერგეტიკის ბაზრის რეფორმა გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე და ხელს შეუწყობს ეფექტურობის ზრდას.

გონივრული პოლიტიკა და შემდგომი რეფორმები სსფ-ს პროგრამის შესაბამისად ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგების შენარჩუნებას, გაზრდის ეკონომიკის მედეგობას და უზრუნველყოფს მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას“.

კრედიტის გაცემის პირობების გამკაცრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწია კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მოქნილ გაცვლით კურსთან ერთად, და სავალუტო ბაზარზე ჩარევები რეზერვების ზრდის მიზნით საქართველოს კარგ სამსახურს უწევს“, – აღნიშნა ლიპტონმა.

ცნობისათვის, ამა წლის 19 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility (EFF)). ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 30 მილიონი ეს-დე-ერი (დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი), შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები 150 მილიონ ეს-დე-ერს (დაახლოებით 207.2 მილიონ აშშ დოლარს) გაუთანაბრდება. საქართველოს პროგრამა, რომლის მთლიანი მოცულობა 210 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) შეადგენს სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებული იქნა 2017 წლის 12 აპრილს. (პროგრამის დაწყების ამსახველი პრესრელიზი: Press Release No. 17/130).