კომპანია Google საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. აღნიშნული პროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. გეგმა ითვალისწინებს სახლების ხელმისაწვდომობას შედარებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის სან ფრანციკოს შემოგარენში. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა სუნდარ პიჩაიმ კომპანიის ბლოგზე დაწერა.
მან სან-ფრანცისკოსთვის ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელა საცხოვრებელი სახლების ხელმიუწვდომლობა მცირე შემოსავლიანი ოჯახებისთვის.
Google-ს ხელმოკლე ოჯახებისთვის სახლების ხელმისაწვდომობის მიზნით ინვესტიციები აქამდეც ჩაუდია. ამჯერად კომპანია მის კუთვნილებაში არსებულ 750 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ფართს სულ ცოტა 15,000 სახლის მშენებლობისთვის გაიღებს. ეს მიწები აქამდე განკუთვნილი იყო კომერციული ფართებისა და ოფისების მშენებლობისთვის. აღსანიშნავია, რომ მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის დღემდე კომპანიას ამ რეგიონში 3000-ზე მეტი სახლი აქვს აშენებული.
ამას გარდა, კომპანია დამატებით 250 მილიონ დოლარს ჩადებს ფონდში, რომელიც თავის მხრივ დამატებით 5000 სახლს ააშენებს ხელმისაწვდომ ფასად. დამატებით 50 მილიონს კი Google დახარჯავს გრანტებზე არაკომერიცული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან უსახლკაროთა პრობლემებით.